ანონიმ მუსიკჰოლიკთა კლუბი. შეხვედრა N1

430bdf7d5d8c81f783ce529baf415c9d

 

 

 

“I’m afraid that if you look at a thing long enough, it loses all of its meaning.”
— Andy Warhol

 

10369979_663575207085213_1538716904196625417_n

ვამბობ რომ მუსიკა არის ერთ-ერთი საშუალება ამოსუნთქვისთვის, გაქცევისთვის, ბედნიერებისთვის, დასვენებისთვის და კიდევ რა ვიცი, ალბათ ყველას თავისი მიზეზი აქვს მუსიკის მოსასმენად და ამოჩემებაც ყველას ჩვევია. მისი ერთ-ერთი ჯადოსნური თვისება ისიცაა, რომ კარგად ინახავს წარსულს. მაგალითად, როცა კარგა ხნის დავიწყებულ მუსიკას თავიდან მოუსმენ და აღმოაჩენ, ის უკვე იმითაც ხდება ძვირფასი, რომ ზუსტად გახსენებს იმ პერიოდს, როცა უსმენდი. ტკბილს თუ მწარეს აღარ აქვს მნიშვნელობა, ნოსტალგიას ისე არაფერი აღვიძებს, როგორც დავიწყებული მუსიკა. თუმცა აქვე გადამლაშების საშიშროებაცაა, მოგეხსენებათ ზედმეტი არაფერი ვარგა, როცა საყვარელ არტისტს, ალბომს ან სიმღერას გადაჭარბებით უსმენ არსებობს შანსი, რომ ზემოთხსენებული მოგბეზრდეს, გადაგიყვარდეს, შეგძულდეს და ა.შ. მე კიდევ ძალიან მინდა ამ ამოჩემებული სიმღერებისგან გავთავისუფლდე, რაიმე სხვას მოვუსმინო, ახალი ვინმე/რამე აღმოვაჩინო. ამიტომ გადავწყვიტე შევქმნა ანონიმ მუსიკჰოლიკთა კლუბი, იმ განსხვავებით რომ კლუბი არა იქნება ანონიმური და მხოლოდ ერთი წევრი ეყოლება. მოკლედ აქ მოვყვები ჩემი ბოლო თვეების ამოჩემებების შესახებ.

როგორც ფილმებშია ისე უნდა დავიწყო ალბათ. გამარჯობა, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო და ა.შ. 🙂 მოკლედ, დღის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად ვუსმენ მუსიკას, მპ3 პლეერში მაქვს დაახლოებით 1000-მდე ფაილი, საიდანაც ალბათ 100-200 ტრიალებს წრეზე.ტელეფონში ვიწერ ხოლმე მთლიან ალბომებს, როცა რამე ახალის მოსმენა მინდა ჩავწერ და ვატრიალებ, მერე ვშლი და ახალს ვწერ. ეს პრაქტიკა ამ ბოლო დროს დავნერგე და მგონი ამართლებს. სახლში ყოფნისას ყოველვის იუთუბს ვუშვებ, სადაც თავის ჭკუაზე გადაყავს ხოლმე, ჩემს გემოვნებაზე დაყრდნობით, ჰოდა საიდანაც არ უნდა დავიწყო ბოლოს მაინც სტივენ უილსონით ან მისი რომელიმე პროექტით ვამთავრებ (ნეტავ რატომ). ბოლოს მოხდება ისე, რომ ნამდვილ ფან გოგოდ ვიქცევი, აი კონცერტებზე რომ კივიან ხოლმე ისეთად. :))) დამიფაროს სტივენმა.

ჰოდა ჩემს სიაშიც ბევრი სტივენია (ნეტავ რატომ).

ვიწყებ აღიარებით ჩვენებას, ნუმერაცია სიმბოლურია.

  1. The Pineapple Thif – Tear you up

ანანასებზე მანამდეც მსმენოდა, სანამ გევინ ჰარისონთან ერთად ჩაწერდნენ ალბომს. ცოტა უსამართლობაა ამის თქმა, მაგრამ გევინი რომ არა, არც მათ კონცერტზე წავიდოდი და მოსმენის დაწყებაც ალბათ დამაგვიანდებოდა. კონცერტს რაც შეეხება, ყოველთვის როცა ჩემ გარშემო ხალხი იწყებს გროვებას, დაუოკებელი სურვილი მაქვს იქაურობა დავტოვო, ჰოდა აქ გაამართლა დარჩენამ. გევინის დამრტყმელ-პურისმჭამელობაში ეჭვი ისედაც არ მეპარებოდა, ყველა ბოლომდე დაიხარჯა და  კონცერტიც მშვენიერი გამოვიდა. ალბათ ღირს პირველი 10-15 წუთის დაძაბულობას გაუძლო, მერე უკვე მაინც ვერ ამჩნევ შენ გარშემო 5 კაცია თუ 100. ჰოდა ეს სიმღერა დრეზდენიდან წამომყვა. ტექსტიც მომწონს და მუსიკაც. ძირითადად ამ ვერსიას ვუყურებ/ვუსმენ ხოლმე. ერთი სიამოვნებაა უყურო ეს კაცი როგორ იხარჯება.

       2. Genesis – Dancing with the Moonlit Knight

აქ უკვე საკუთარი დილეტანტობის დამალვა გამიჭირდება და პროგსნობები რაც არ უნდა გაბრაზდნენ, მაინც ვისარგებლებ საკუთარი უფლებით მოვუსმინო იმას, რასაც მინდა. (: ამას იმიტომ ვამბობ რომ ამ ალბომს (Selling England by the Pound) პირველად მაშინ მოვუსმინე, როცა ვიღაცამ ბრეგზიტზე ლაპარაკისას ახსენა. ჰოდა მაშინ ეს სიმღერა მომეწონა ყველაზე მეტად. და მის მერე ვუსმენ. ყოველ დღე. დღეში სამჯერ მაინც :(.

3. Porcupine Tree – A smart kid

ეს არამარტო ამ პოსტში, არამედ ალბათ მთელ სამყაროში ყველაზე სევდიანი სიმღერაა. მარტოსულობას რომ ჰიმნი ქონდეს ამას კონკურენტი არ ეყოლებოდა. ტექსტი ასეთია –

Stranded here on planet earth
It’s not much but it could be worse
Everything’s free here, there’s no crowds

Winter lasted five long years
No sun will come again I fear
Chemical harvest was sown

And I will wait for you
Until the sky is blue
And I will wait for you
What else can I do?

A spaceship from another star
They ask me where all the people are
What can I tell them?

I tell them I’m the only one
There was a war but I must have won
Please take me with you.

ვარსკვლავებიანი ცა მაოცებს და კიდე ის რომ ტიპი ირწმუნება უბედნიერესი ვარო და ასეთ ტექსტებს წერს.

Stupid dream გავიხსენე ამასწინათ და იმას მოყვა ამ სიმღერის ამოჩემება. ისეც ყოფილა, რომ საათობით მხოლოდ ამ სიმღერისთვის მომისმენია.

4. Storm Corrosion – Storm Corrosion

Storm Corrosion სტივენის და მიკაელის პროექტია. როგორც მათ თქვეს, უბრალოდ გადაწყვიტეს სტუდიაში ჩაკეტვა და მუშაობა, თუ გამოვიდოდა ხომ კარგი, თუ არადა ჩვენს ჭიას გავახარებდითო. საკმაოდ განსხვავებული ალბომია. ფანების მოლოდინს თუ იყო ასეთი, ისინი რაღაც პროგრესივ მეტალის გვირგვინს ელოდებოდნენ და ხელში შერჩათ მამა სერაფიმეს გალობა არამეულად :)))  მე ძალიან მომწონს, დიდი ხანია პლეერში მაქვს, უბრალოდ სპეციალურად არასდროს ჩამირთავს. ჰოდა ამასწინ ვსეირნობ და უცებ ვიგრძენი რომ რაღაც სიროფისმაგვარი მეღვრება ყურებში. მოკლედ ასეთი სიმღერაა, ბევრი მოსმენა დიაბეტს იწვევს.

5. Opeth – Bleak

ისევ სტივენი და მიკაელი.  ჟანრის ჰარდქორ ფანებს რომ კითხო Blackwater Park ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია ჟანრში. ვერაფერს ვიტყვი ამ თემაზე, თუმცა ეს რომ ერთ-ერთი ლამაზი სიმღერაა რაც კი ოდესმე მომისმენია ფაქტია. მისი განსაკუთრებულობა ჩემთვის ამ ორი ადამიანების ხმების კონტრასტშია. ჯერ მიკაელი ღრიალებს (ნამდვილად ამას შვება), არის ამაში რაღაც დემონური, მერე უცებ ყველაფერი მშვიდდება და სტივენის ბავშვური, უცოდველი ხმა შემოდის.

აქვე ვიტყვი რომ ძალიან მომწონს მიკაელის ხმა ბოლო ალბომებში, არაა აუცილებელი მაინცდამაინც იღრიალოს, როგორც ფანები თხოვენ. ულამაზესი ხმა აქვს.

6. Damien Rice – Colour me in

დემიენის მსმენელი ნამდვილად არ ვარ. თავიდან ბოლომდე მხოლოდ ერთი ალბომი ვიცი მისი. My Favourite Faded Fantasy. მგონი ბოლოა. შემთხვევით წამოვაყოლე ბიბლიოთეკიდან და მაშინ მოვუსმინე პირველად. საკმაოდ სახასიათო ალბომია, მომწონს, თუმცა ალბათ სულ 2-3ჯერ მექნება მონასმენი. ბოლოს რომ ვუსმინე 500 ნაწილიანი ფაზლი ავაწყვე მის ფონზე. მადლიერი ვარ ამისთვის. აი ეს სიმღერა არ ვიცი რატომ, რაღაც განწყობებს უხდება, თან უკვე იმ დღეების ნოსტალგიაც მოაქვს, როცა პირველად მოვუსმინე. დემიენი კარგი ტიპი მგონია, მისი გულგატეხილ-დეპრესიული იმიჯიც ალბათ ჩემში ჩამკვდარ სენტიმენტალურ გოგოშკას აფართხალებს. თვალებიც ლამაზი აქვს.

7.  Steven Wilson – My book of regrets

სტივენის ბოლო ალბომიდან. მარად აქტუალური თემა. სინანული ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განცდაა, რომლისაც ასე გვეშინია. ხშირად მის თავიდან ასარიდებლად გვირჩევნია სულ არ შევცვალოთ რამე, სულ არ მივიღოთ რამე გადაწყვეტილება, სულ ერთ ადგილზე დავრჩეთ. რასაც რასაკვირველია ასევე ვინანებთ.

ალბათ ყველას გამოგვივიდოდა ერთი სქელტანიანი წიგნი, ყველაფერ იმაზე რაც სანანებელი გაგვიხდა. თუმცა

Don’t let it bring you down

Just wait ’til the morning comes

8. The Smiths – Heaven Knows I’m Miserable Now

ეს სიმღერა იმ შემთხვევებისთვისაა თუ უეცრად ისეთი უბედურება დაგატყდება თავს, როგორიცაა ბედნიერება. მოდი ვაღიაროთ რომ ყველა ჩვენგანი ხანდახან მაინც არის ხოლმე ბედნიერი. ყველას თავისი საზომი აქვს და ყველას სხვადასხვა რამ აბედნიერებს. ჰოდა ხდება ხოლმე მსგავსი რამეები. ამ დროს მორისეი ყოველთვის მზადაა ყურში ჩაგძახოს თავისი მელანქოლიური ხმით, ყველაფერი წარმავალია და ტყუილად გიხარია რომ რაღაც გიხარიაო.

9. NEIL YOUNG & CRAZY HORSE – Hey Hey, My My

ნილ იანგის სხვა სიმღერები უფრო მომწონს, მაგრამ აქ საქმე თვითონ ამ ლაივშია. ასეთი აუდიტორიის ყურება ყოველთვის მიყვარს. თვითონ ნილი აქ საშუალო ასაკს გადაცილებულ ბიძას გავს, ყველაფრით უკმაყოფილო რომაა და ახალ თაობას ლანძღავს.

10. Leonard Cohen – So long Marianne

ლეონარდის გარდაცვალების მერე ამეჩემა. მანამდეც სულ მეკვიატებოდა ხოლმე მისი რომელიმე სიმღერა. ბოლო ალბომსაც ინტენსიურად ვუსმენდი, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. არადა რა სიმღერაა? კოენმა ეს სიმღერა მარიენს 60იან წლებში მიუძღვნა. მათ ფოტოებს რომ ვუყურებ ერთადერთი რაზეც ვფიქრობ ისაა, რომ ყველაფერი წარმავალია. გასულ წელს, ივლისში, სანამ მარიენი გარდაიცვალებოდა, ლეონარდმა ასეთი რამ მიწერა – “მარიენ, იქამდე მოვედით, როცა ორივენი იმდენად მოხუცები ვართ, ჩვენი სხეულები უკვე ნაწილებად იშლება და ვფიქრობ მალევე უკან გამოგყვები. იცოდე, შენს უკან ისე ახლოს ვდგავარ, ხელს თუ გამოიწვდი, ჩემსას მიწვდები. შენ იცი, რომ მე ყოველთვის მიყვარდი შენი მშვენიერების და სიბრძნის გამო, ახლა ამაზე საუბარი არ მჭირდება, იმიტომ რომ ამის შესახებ უკვე იცი. მინდა მხოლოდ კარგი მოგზაურობა გისურვო. მშვიდობით ძველო მეგობარო. უსასრულო სიყვარულო, შევხვდებით მალე.” ჰოდა თვითონაც ნოემბერში მიყვა.

11. Radiohead – You and whose army?

რედიოჰედის სიმღერების ამოჩემება და იქამდე სმენა, სანამ არ “შეგზიზღდება” ჩემი მოგონილია. ეს სიმღერა სხვა გზით მოვიდა ჩემამდე. უნდა ვთქვა რომ სერიალი Peaky Blinders ამ მხრივ გენიალურია. ასეთი გემოვნებიანი საუნდტრეკები ბევრგან არ შემხვედრია. თან ყოველთვის ისე კარგად აზის კადრს, რომ სიამოვნებისგან კრუტუნს დაგაწყებინებს. ეს მომენტი კი ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაზე მეტად ვუყურე. (ჰო, ინტროს ნიქ ქეივის და ბედ სიდზის სიმღერა ადევს. უშველებელი პლიუსი და მოტივაციაა სერიალის საყურებლად).

12. No-Man – Back when you were beautiful

ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ჯგუფი. სამწუხაროა რომ სტივენი აღარ თანამშრომლობს ტიმთაც ისე როგორც ადრე. არადა მაჩვზღარბაზე ადრინდელი პროექტია. ჯერ არ მომისმენია ახალი ალბომი, მაგრამ სტივენმა დაწერა რომ მხოლოდ გამიქსა და ეგ იყო მისი მონაწილეობა ახალ ალბომში. არადა ბლექფილდს ათასჯერ მირჩევნია..

აქ თან ვიდეოც ძალიან ლამაზია. ჰო სევდიანია, მაგრამ სევდა და მელანქოლია რომ უფრო ლამაზია ეგ უკვე ვიცით. ტიმ ბაუნესის ხმა არის ჯადოსანი. ერთადერთი შემთხვევაა მგონი როცა ვბრაზდები კომენტარებში რომ წერენ სტივენი ასეთი და ისეთიაო და ტიმს არავინ ახსენებს.

P.S. აქ ამ პოსტში ბოლოჯერ ვახსენე სტივენი. 🙂

13. Moby & The Void Pacific Choir – Are You Lost In The World Like Me

ამ ბოლო დროს მობიზე მეტად სოციალურ ქსელებში ცოტას თუ მოუშლია ნერვები. მაგრამ აქ ისეთი სიტუაციაა, აი ოჯახის წევრზე რომ გაბრაზდები და იცი ეს გაბრაზება არ ცვლის იმას რომ გიყვარს და შენი ოჯახის წევრია. თუმცა საყვარელი ცხოველების ფოტოებს რომ დებს ეგ კარგია. ტრამპი ლანძღოს, უბრალოდ არავეგანებს ნუ გაგვატანს ხოლმე წყალს. ან გაგვატანოს და ევროპაში ჩამოვიდეს სანამ აქ ვარ. ეს სიმღერა დიდი ვერაფერი, მეც არ ვიცი რატომ ამოვიჩემე. ჩემთვის ზედმეტად “ჩქარებია”.

14. Sólstafir – “Miðaftann”

ისლანდიური მძიმე მეტალოსნები, თუმცა ამ სიმღერას მძიმე მეტალთან არანაირი საერთო არ აქვს. ჯგუფს უკვე რამდენიმე წელია ვუსმენ. პირველად რომ მოვუსმინე ამათი და სიგურ როსის ხათრით მინდოდა ისლანდიური მესწავლა, მაშინ 10-მდე დათვლა და კვირის დღეები ვისწავლე. თავიდანვე წარუმატებლობისთვის განწირული ნაბიჯი იყო, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით კი დავიწყე 🙂 საბედნიეროდ არსებობს გუგლი, რომელიც მეუბნება რომ სიმღერის ტექსტი ინგლისურად ასე ითარგმნება :

Now I have come home
After a journey on the deep seas.
The wave was so high,
The saltiness ate everything up.
I drowned in a black hole,
I pulled out the hand of death.
So high, it was so high,
And the moon lighted a path, yes the moon high in the sky,
And the moon lighted a path, yes the moon lighted a path.
So high, so high, wave of the sins, wave of the sins.

ძალიან ლამაზი მელოდია და ტექსტია. ვიდეოც. ჯერჯერობით არ ვაპირებ მობეზრებას, როცა ტყეში ვსეირნობ შესაბამისი განწყობა მოაქვს.

15. David Lynch – Ghost of love
ლინჩზე იმდენი რამ მაქვს სათქმელი, საბოლოოდ ალბათ ვერაფერს ვიტყვი. ჯერ მისი ფილმოგრაფია ბოლომდე არ მინახავს, თუმცა დავიწყე და ახლა ასე რომ ვთქვათ, ვისვენებ რომ ტვინი არ ამიფეთქდეს. ყველაფრის ერთად ნახვა არ შეიძლება, თან განწყობაც უნდა მოვიდეს. აი ყოველთვის წარმომედგინა რომ თვითონაც ისეთივე რთული ტიპი იქნებოდა, როგორი ფილმებიც აქვს, მაგრამ ინტერვიუებს რომ ვუყურებ ძალიან უბრალოდ ლაპარაკობს და ძალიან კეთილი ჩანს. მის მუსიკასაც ასე დოზებით ვიღებ. ჩემი სტილი არაა, ცხადია. მაგრამ ეს ამეკვიატა და კიდევ რამდენიმე. თავისივე ფილმის Inland empire საუნდტრეკია. ჯერ ფილმი არ მინახავს.

 

მომავალ შეხვედრამდე, კლუბში.

cf9cc96f6897b21520693e3611caf0eb

…უსწავლელობა სიბნელე

p03xsw49

დიდად არ მიფიქრია, რა მოლოდინები მქონდა აქ წამოსვლის წინ. რაც არ უნდა მქონოდა ყველაფერი იმაზე განსხვავებული აღმოჩნდა, როგორც მეგონა. ადამიანთა შეხედულებები და დამოკიდებულებები რომ განსხვავდება სხვადასხვა საკითხების მიმართ, იმის მიხედვით თუ სად ცხოვრობენ, ვიცოდი, თუმცა ძალიან მიჭირს აქაურთა აზრის მიღება ან გაზიარება. იმათ კიდე ჩემი.

მაგალითად: როგორია ჩვენი დამოკიდებულება ცოდნასთან. ჩვენთან ამბობენ “ეგ როგორ არ იცი? რა სირცხვილია”. ამასწინ ჩემთვის ერთ-ერთმა ევტორიტეტულმა პიროვნებამ თქვა, ვაჟა-ფშაველას დაბადების წელი თუ არ იცი დებილი ხარო. და მე ისე შემრცხვა და ისე დებილად ვიგრძენი მართლა თავი, აღარ ვიცოდი რა მექნა. იმიტომ რომ არ ვიცოდი. იმიტომ რომ ეს არაა იმ ტიპის ცოდნა, რომელსაც ცხოვრებაში ხშირად ვიყენებ ხოლმე. ხოდა დამავიწყდა. მაგალითად: სკოლაში ვიზეპირებდი მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქებს და მერე ამით ვამაყობდი. ვიზეპირებდი ბიოლოგიას, განვიცდიდი რომ ფიზიკას და ქიმიას ვერ ვგებულობდი. ყოველთვის ძალიან მრცხვენია საკუთარი უცოდინრობის. ცოდნა ძალაა, ცოდნა სინათლეა, უცოდინრობა სიბნელე და ა.შ. აქ კი არცოდნა არაა სირცხვილი. სულერთიაი რისი. ამასწინ ერთ ამერიკელს შევხვდი, რომელიც, სანამ არ დაგუგლა, ვერ დავაჯერე რომ საქართველო ალბანეთს და უკრაინას შორის არ მდებარეობს. აზერბაიჯანი არ იცოდა რა ქვეყანაა, და სომხები რომ არსებობენ ვიცოდი, მაგრამ თავისი ქვეყანაც თუ ქონდათ არაო 🙂) თან ამაყობდა, ჩემი მეგობრების 90 პროცენტზე მეტი მაინც  მე ვიცი გეოგრაფიაშიო. ხოლო ერთმა სლოვაკმა გოგომ, რომელთან ერთადაც გერმანულს ვსწავლობდი, იკითხა ბრიუსელი ისაა ხომ, ინგლისის დედაქალაქიო. მე არცოდნა კი არ მიკვირს, მეც არაფერი ვიცი, არამედ ამათი დამოკიდებულება არცოდნის მიმართ. მე რომ ასეთი სისულელე მეთქვა, ალბათ ყველაფერში ეჭვი შემეპარებოდა რაც ვიცი და დეპრესიაც დამეწყებოდა. ყოველთვის მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა. ახლა რომ ვთქვი სისულელეთქო, სინამდვილეში ამაზე მეტი სისულელეც შეიძლება არსებობდეს. ხომ შეიძლება ეთქვა ბანგლადეშის დედაქალაქიაო? ასე, რომ ისევე როგორც ყველაფერი, სისულელეც შედარებითია. და საერთოდაც ვის შეუძლია თქვას, რომ ყველაფერი რაც ჩვენ ვიცით და გვჯერა მართლაც ასეა? არავის. პირიქით. ყველაფერი ტყუილია. იმ გოგომ კი ისე თავდაჯერებულად თქვა, ლამის მეც დავიჯერე რომ მართალი იყო. იმას შეცდომის არ შეეშინდა.

მე კი ისე მეშინია რომ რასაც ვიტყვი ან რასაც გავაკეთებ შეცდომა იქნება, რომ თითქმის არაფერს ვაკეთებ და ვამბობ. ამიტომაც ვრჩები ერთ ადგილზე. იგივე ფიქრებით და იგივე პრობლემებით. აქ შეცდომების და სისულელეების კეთების ან თქმის არ ეშინიათ. აქ ყველა კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. ზოგადი ფაქტების მაგიერ ის იციან, როგორ უნდა იცხოვრო. სულ მზა რეცეპტები აქვთ – მაგალითად კვირაში ერთი დღე დივანზე კოტრიალი და არაფრის კეთება თუ გინდა, გიჟად შეგრაცხავენ. ჩემი ნაცნობი გერმანელი თავის ძმას ხმას აღარ ცემდა იმის გამო, რომ დასვენების დღეს 11 საათამდე ეძინა :)) და სულ ლანძღავს იმის გამო რომ ბინას არ ყიდულობს. და რომ შვილის გაჩენა არ უნდა და ძაღლი ყავს. ხოლო აქ ასეთი წესია, როცა დრო გაქვს აუცილებლად უნდა შეყარო ოჯახის წევრები და სადღაც წახვიდე. ტყეში, ღრეში, კინოში, პარკში, სადაც გინდა  – მთავარია “raus gehen”. მარტო არ დარჩე.

და მე თუ არ ვიცი სამი თვის მერე სად ვიქნები, ამათ ზუსტად იციან სამი წლის მერე სად იქნებიან. და რაც იციან და როგორც იციან ყველაფერი ისე იქნება. არავითარი ეჭვი. 

ამ ყველაფერზე ახლა იმიტომ დავფიქრდი, რომ ჩვენთან ძალიან პოპულარულია გამოკითხვები, სადაც რაიმე “მარტივ” კითხვას უსვამენ რესპოდენტს და როცა ის ვერ პასუხობს იწყება ჟრიამული, ლანძღვა-გინების და თავში ხელების დაშენის ფონზე. რა თქმა უნდა მარტო იმას აჩვენებენ ვინც ვერ პასუხობს, ხოლო მაყურებელი ფიქრობს რომ ვერავინ პასუხობს. აი საით მივექანებით. აი თქვენი ახალი თაობა. “ეს როგორ არ იცით”. სად გაიზარდეთ და ა.შ.

 

ამდენი იმიტომ ვწერე რომ სულ სხვა რამის თქმა მინდოდა, მინდოდა მეთქვა როგორ სჯობს, ვიფიქრე იქნებ უკეთესია ფაქტების ზეპირს და წიგნებში თავის ჩარგვას ცხოვრების შნო გვქონოდა რამენაირად. მაგრამ ესეც სისულელეა. რისიც არ უნდა გჯეროდეს, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე ბოლოს. ჩემი აზრით ერთადერთი სიმართლე ისაა რასაც განვიცდით. რაც გვტკივა, რაც გვიხარია, რაც გვსიამოვნებს. სისულელეა ერთ ადგილზე დარჩენა, იმის გამო რომ უკან დაბრუნების გეშინია, რომ გეშინია უბრალოდ რაიმე ნაბიჯი გადადგა, რომ გეშინია უბრალოდ რამე შეცვალო. ისიც სისულელეა ამაზე ფიქრით თავი აიტკივო, იმიტომ რომ არაფერზე არ არსებობს პასუხი, უბრალოდ დინებას უნდა მიყვე და ამ დინებას რაიმე საუნდტრეკი ჩაურთო. მაგალითად ნიკ ქეივი, ან იგი პოპი. და მერე რა, თუ რომელიმე ვესტვორლდში ან რომელიმე მატრიცაში ვცოვრობთ. მერე რა თუ ღმერთები ჩვენით ერთობიან, ან მერე რა თუ მარტო ვართ ამ სამყაროში. სულერთია. ჩემთვის საკმარისი ბედნიერებაა ისიც, რომ ამ მარტოობაში მოზიარე ადამიანები მყავს. ზოგი მკვდარია, ზოგი სულაც გამოგონილი, უმეტესობას არც შევხვედრივარ და ვერ შევხვდები, მაგრამ ვინც ამ სამყაროს წესები დაადგინა მადლობა ეკუთვნის იმის გამო, რომ უარესად არ დაადგინა. რომ უფლებას გვაძლევს ერთმანეთს თანავუგრძნოთ. რომ კმაყოფილი ვარ იმ როლით რაც მე მომაკუთვნეს, ან მივაკუთვნე საკუთარ თავს. შორიდან დავაკვირდე ცხოვრებას. ვიცი, ვერასდროს გადავდგამ რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს, ვერასდროს შევცვლი მნიშვნელოვნად რაიმეს. ვერასდროს ვისწავლი შეცდომებზე, მაგრამ ყოველთვის ვეცდები ვიპოვო ის რაც თავს ცოცხლად მაგრძნობინებს. “ჩემთვის ცოცხლად” რათქმაუნდა.

15032113_1082396718543809_7653793116343645110_n

ჩვენი ცოდნა, ჩვენი განათლებულობა, ნაკითხობა, ზეპირობა, ინტელექტი – სისულელეა. ის როგორაც ჩვენი ცხოვრება წარმოგვიდგენია- სისულელეა. გერმანიაში იქნები თუ საქართველოში – მნიშვნელობა არა აქვს.  ნამდვილი მარტო ისაა, რასაც ვგრძნობთ, რასაც ჩვენ ვიცით რომ ვგრძნობთ. როცა ვარსკვლავებიან ცას ვუყურებთ და სუნთქვა გვეკვრება მისი უსასრულობით. და შანსი იმისა, რომ სამყარო სულაც არაა უსასრულო, და იგი ინსტალაციაა ჩვენნაირი სულელებისთვის, არ გვართმევს იმის უფლებას მისით მოვიხიბლოთ. თუნაც სულ ერთი წამით.

ან ის რომ ჩემი ძაღლი კალთაში მიწევს და ხვრინავს, მე კიდევ ვერ ვინძრევი რომ არ გავაღვიძო. მერე რა თუ ვიცი, მხოლოდ რამდენიმე წელი გვაქვს რომ ერთმანეთი გვყავდეს.

ან ის, როცა მახსენდება მამაჩემი, როგორ კითხულობს და წინ ქილით მურაბა უდევს. ან როცა კომპიუტერთან ზის და მეძახის, რომ რაღაც მაჩვენოს, რაღაც სასაცილო. ან საყვარელი ცხოველის ფოტო და მითხრას – ნახე რა საყვარელია, ამას როგორ უნდა დაუშავო რამეო. მერე რა, რომ ახლა სხვაგანაა ან აღარაა. ახლა მთავარი ისაა, რომ მე მაქვს მოგონებები მასზე, რომელიც ძალას მაძლევს.

ესაა, ის ცოდნა, მოგონებები, მახსოვრობა რაც გვჭირდება და არა ის, “რომელ წელს მეფობდა შოთა რუსთაველი”. ან ის რომ ამ თვეში 100 ევროთი მეტი დავხარჯე და იმ თვეში 10 საათით მეტი უნდა ვიმუშავო.  განათლება მნიშვნელოვანია, რათქმაუნდა ყოველთვის გავაგრძელებ სწავლას, ცოდნის მიღებას, მაგრამ ჩემთვის აღარასდროს იქნება ავტორიტეტი ვინმე, იმის გამო, რომ მისი აზრით უსასრულო ცოდნა აქვს და იმათ დასცინის ვისაც არ აქვს. ვერავის ექნება უსასრულო ცოდნა. ამ ნაწერით უბრალოდ მინდოდა ჩემი თავისთვის მეთქვა, რომ საკუთარი უცოდინარობის გამო ვეცადო და აღარასდროს ჩავვარდე დეპრესიაში. თვითკრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს უსასრულო თვითგვემა. იმიტომ რომ ყველაფერი სისულელეა და ყოველთვის ნაკლები დრო რჩება. ვისთვის სამწუხაროდ, ვისთვის საბედნიეროდ. ჰოდა მანამდე ის გჭირდება რაც უფრო დაგეხმარება გაძლებაში. იმიტომ რომ ყველაფერი გაძლებაზეა.

ჩემი აზრით რათქმაუნდა.

11266146_806790869437730_8299502982838316205_n

მოლოიდ ყოფნის კიდევ ერთი წელი

1972316_615540468555354_7954760623899091634_n

დიდი ხანია ამაზე მინდოდა რამის თქმა. ხოდა ახლა ვამბობ, ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს უკმაყოფილო საკუთარი თავით. მაგრამ არ შეიძლება იგი საკუთარი ცხოვრებით მუდამ უკმაყოფილო იყოს. ამას მაშინ მივხვდი როცა მატარებელი ფრანკფურტის სადგურზე გაჩერდა და მეც ჰერტა მიულერის „სუნთქვის საქანელის“ ბოლო ფურცელი წავიკითხე. მძიმე წიგნია, ძალიან მძიმე. დიდხანს ვატარე ჩანთით და ვიცი.

რაც არ უნდა იყოს, არასდრო დამჭირვებია ბრძოლა საკუთარი სიცოცხლისთვის, ლუკმა-პურისთვის, მქონდა გადასარევი ბავშვობა, მქონდა საშუალება მესწავლა უნივერსიტეტში, მიმეღო განათლება. არასდროს არ მიშრომია იძულებით, არ ვყოფილვარ შრომით ან საკონცენტრაციო ბანაკში, არავინ მდევნის არაფრის გამო და ა.შ.

უმადური არა ვარ.

საკუთარი თავით უკმაყოფილებას რაც შეეხება: ჩემი დაბადების დღე მოდის და დღეს ჩემმა გერმანელმა მასპინძელმა მომწერა რესტორანში აღვნიშნოთო. მეც ახლა რისი ქართველი ან რისი ჩემი თავი ვიქნებოდი თავპატიჟი რომ არ გამედო. არადა ის ვთქვი რასაც მართლა ვფიქრობ, ჩემi დაბადება არანაირი ზეიმის მიზეზი არაათქო მივწერე. სმაილებით რათქმაუნდა. მაგრამ მაინც უზრდელობაა. ასეთ რამეებს აქ არ ამბობენ. არ გვაინტერესებსო, შაბათს ამა და ამ საათზე ამა და ამ რესტორანში დაერჭვეო. კარგი მეთქი, დავერჭობითქო. ხოდა იმას მოვაყოლე. ხანდახან ვიცი რომ ზედმეტი მომდის. წელიწადში ერთხელ, საკუთარ დაბადების დღეზე შეიძლება ადამიანი საკუთარი თავით კმაყოფილი იყოს. მხოლოდ 20 წამით ან იმდენით, რამდენიც იმის გაფიქრებას დაჭირდება, რომ ესეც ასე, აქამდეც მოვედით ჩემო თავო. ცუდად თუ კარგად აქამდეც მოვედით.

და ეგ იქნება.

 

ასე რომ ყოველთვის ვიქნები საკუთარი თავით უკმაყოფილო, რომ დრო არასწორად გავანაწილე, ეს არ წავიკითხე, ის არ მოვისმინე, ასე არ გავაკეთე და ა.შ.

მაგრამ ვეცდები მახსოვდეს, რომ ცხოვრებით უკმაყოფილო ანუ უმადური არ ვიყო.

 

23 წლის ვხდები და ეს ამბავი წარმოუდგენლად მსტრესავს. ამ წლების განმავლობაში შეძენილი ქონებიდან მნიშვნელოვანია: ერთი ძაღლი, რამდენიმე ყვავილი, წიგნები. მყავს ველოსიპედი, რომელიც ჩემია, მაგრამ ალბათ საქართველოში ვერ წამოვიყვან. კიდევ მაქვს ბევრი უსარგებლო თუ სასარგებლო ნივთი, რომელიც მაჩუქეს თუ ჩემით შევიძინე, მათ შორის არის ბაკალავრის დიპლომი და ბევრი სისულელე კიდევ.

ხოლო ბოლო ერთ წელიწადში ვნახე ბევრი ისეთი ადგილი, რაზეც მანამდე ვოცნებობდი. ვიყავი ჩემს საყვარელ ქალაქში – მიუნხენში. ასევე საყვარელი გუნდის სტადიონზე – ალიანც არენაზე. ვიყავი ავსტრიაში – კერძოდ ვენაში. ვნახე გერმანიის ბევრი მნიშვნელოვანი ქალაქი და მაგარი ადგილები. გოეთეს სახლი, ადგილები სადაც ლუთერი იმალებოდა/მოღვაწეობდა. კიოლნში ხელოვნების მუზეუმი, რაზეც საერთოდ ცალკე პოსტის დაწერა მინდოდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხე. ეს ვიზიტი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მივხვდი, ყველა მუზეუმი არაა მოსაწყენი, მაგრამ თუ მსგავს მუზეუმს ესტუმრები, სადაც ბევრი ცნობილი და გენიალური ნამუშევარია, შენი ტვინი კი ამ ყველაფრის აღსაქმელად არც ისე მომწიფებულია, შეიძლება გამოსასვლელსაც ვეღარ მიაგნო ან უბრალოდ ტვინი აგიფეთქდეს 🙂

წლის ბოლომდე ვაპირებ კიდევ რამდენიმე ქალაქს ვესტუმრო, მათ შორის პრაღას და თუ მოვასწარი ამსტერდამსაც.

წლის მთავარ მოვლენად კი ვასახელებ სტივენ უილსონის კონცერტზე დასწრებას. ესაა ერთადერთი ადგილი, რომელიც ისევ უკან მეძახის.

წლის მეორე მთავარი მოვლენაა ჩემ მიერ ველოსიპედის ტარების სწავლა, რაც დაახლოებით იგივე მნიშვნელობის იყო ჩემთვის, როგორც კაცობრიობისთვის ბორბლის გამოგონება. თან ვამაყობ იმით, რომ ვისწავლე ჩემით. ყველანაირი სულიერის დახმარების გარეშე.

აღვნიშნავდი ასევე, რომ ბოლო დღეებია დავდივარ მოხალისედ ცხოველთა თავშისაფარში. ვისაც ვეუბნები ყველა ფიქრობს, რომ უსაქმური ვარ, მაგრამ ესეც ახალი გამოცდილებაა. რაღაცნაირად სიზიფეს შრომას გავს. ერთ დღეს დაასუფთავებ ყველაფერს, მოდიხარ კმაყოფილი და მეორე დღეს თვალებს არ უჯერებ ისეთი ამბავი გხვდება.

 

რაც შეეხება გონებრივ განვითარებას, სამწუხაროდ ისეთივე იდიოტი დავრჩი, როგორიც ვიყავი. პირიქით, მგონია რომ ამ მხრივ საოცარ რეგრესს განვიცდი. ხშირად როცა ჩემს ძველ ჩანაწერებს ვნახულობ, მგონია რომ რაღაც ისე აღარაა.

ცალკე დარდი ისაა, რომ წელს ძალიან ცოტა წიგნი წავიკითხე. იმაზე ცოტა ვიდრე გეგმაში მქონდა. და გეგმაში ისედაც ცოტა მქონდა, იმიტომ რომ ვიცოდი, გერმანულად კითხვისთვის ჯერ კიდევ მჭირდება დრო, ინგლისური და ქართული წიგნები კი ნაკლებად მაქვს. გარდა ამისა ცხადია გავაუმჯობესე გერმანულის ცოდნა, მაგრამ ასევე არასაკმარისად.

 

აღმოჩენებს და მიხვედრებს რაც შეეხება რაზეც აქამდე არ მიფიქრია ან არ ვიცოდი ან ეჭვი მეპარებოდა. აქედან პირველია სახლის და ოჯახის მნიშვნელობა. ხანდახან მგონია, რომ ერთადერთი რაც მინდა სახლში ყოფნა და დედაჩემის კალთაში თავის შეფარებაა, მაგრამ იმასაც მივხვდი რომ აქ ყოფნისას სიამოვნებას მხოლოდ ის მანიჭებს, როცა ზურგზე ჩემხელა ზურგჩანთა მკიდია და უცხო ქალაქში მარტო დავბოდიალობ ან ღამე ვმგზავრობ, ან სადგურზე ვარ და მატარებელს ველოდები. ანუ გზაში ვარ. ესაა ალბათ ჩემი ცხოვრების პარადოქსი. როგორც სემმა თქვა:

“ჩემში მუდამ სახლობდა ორი ბრიყვი, სხვა ყველასთან ერთად: ერთი არაფერს ითხოვდა შეჩვეულ ადგილზე დარჩენის გარდა, მეორეს კი, რატომღაც წარმოედგინა, თითქოს ოდნავ უფრო შორს ცხოვრება სულ ცოტა ნაკლებად საზარელი შეიძლება ყოფილიყო”

 

 

ეს ერთი წელი და საერთოდ არცერთი წელი არ აღმოჩნდება ალბათ საკმარისი, რომ იმათ გარეშე ცხოვრებას შეეგუო ვინც დაკარგე. ამაზე ბევრს არასდროს ვსაუბრობ. ეს ის ტკივილია, რომელიც ყოველთვის და ყველგან, ჩუმად უნდა ვატარო.

ცხოვრების ამ ეტაპზე ლიტერატურა და მუსიკა არის ის რაც მჭირდება და მარჩენს. და ძაღლები.

 

ჩემი გასული წლის ჰაილაითები:

 

P.S.

But after a while
You realize time flies
And the best thing that you can do
Is take whatever comes to you
‘Cause time flies

“ქუთაისი ქალაქია”

qutaisi-qalaqia-54-ermonia-da-staliniშეიძლება იძახოთ ფეისბუქს არანაირი სარგებლობა არ მოაქვს და დროის ფლანგვააო,მაგრამ ტყუილია. მაგალითად ფეისბუქზე შეგიძლია „დაედევნო“ მალხაზ ხარბედიას, რომელიც სხვა ბევრ საინტერესო ამბებთან ერთად დაწერს და ახსენებს რეზო გაბრიაძის „ქუთაისი ქალაქიას“.

ჩემი უცოდინრობა რომ უსასრულოა და ამით როგორ ვიტანჯები განსაკუთრებით ბოლო დღეები/თვეებია ამაზე ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ. უბრალოდ ძალიან მრცხვენია, რომ ჩემს ქალაქს ასე ცუდად ვიცნობ. არა  მარტო ქალაქს, როგორც ადგილს, თავისი ქუჩებით, არამედ ცუდად ვიცნობ მის ისტორიას, მის ადამიანებს. აბა რეზო გაბრიაძის შემოქმედებას რომ არ ვიცნობ, მაგას რა გამართლება აქვს. ახლაც ალმური მედება სახეზე სირცხვილისგან.

ბოლო დღეებში ალბათ ერთადერთი კარგი გადაწყვეტილება ჩემგან ამ მოთხრობის წაკითხვა იყო. რაც არ უნდა ვიძახო ეკრანზე კითხვა ტანჯვაა ჩემთვისთქო, როცა სხვა გამოსავალი არ გაქვს, ეკრანზე კი არა, გამოქვაბულის კედელზე წაიკითხავ, თან ისე რომ მამონტის შიში სულ დაგავიწყდება 🙂

ალბათ მსგავსი ჯადოსნური ამბავი იშვიათად წამიკითხავს. დაუჯერებელი და უცნაური. ზოგჯერ ისე ლამაზად და სიყვარულით ნათქვამი. ალბათ მართლა ჯადოსნურია ქუთაისი. ცალკე თემაა მწერლის ენა, სიტყვების შეთანხმება, გასაოცარია. ხანდახან მჭირდებოდა პაუზა გამეკეთებინა და გამეაზრებინა, თუ რა ლამაზად ამბობს მწერალი სათქმელს. მაგ: ლაპარაკობდნენ ცოტას, ჩუმად და რადიოსავით ზრდილობიანად.“ „შუა ეზოში პალმა კვდებოდა უკვე მეოცე წელია.  და ა.შ.

თუმცა ბევრია ირონია და სევდანარევი იუმორი. როცა ხვდები რომ ამბავი სასაცილოა, მაგრამ პერსონაჟები იმდენად უბედურები არიან შენც სევდიანდები, ნაცვლად იმისა რომ გაგეცინოს.

 

ძირითადად ამბები ვარლამის გარშემო ხდება, რომელიც დიდი თავის გამო იოლი და გემრიელი საცემი იყო.

„ავადმყოფობდა ხშირად – თავდავიწყებით, წიგნებით და ფანტაზიებით.

სტრეპტოციდს ჯერ მუჭში მალავდა, მერე ლეიბის ქვეშ.

დედა ჰყავდა მევიოლინე, აგრეთვე მკერავი, აგრეთვე გერმანულის

მასწავლებელი, მამაც ჰყავდა, მაგრამ ხარკოვში, თუ, ეგებ, კაზახისტანში.

მამის ფოსტის ნომერი იყო 12\A\89423\6793

 

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ამბები ბაბუის გარშემო ტრიალებს. ვარლამის ბაბუა კატეგორიული წინააღმდეგია ჩეჩმის რესტავრაციისა, მითუმეტეს, რომ ეს გერმანელმა ტყვემ უნდა გააკეთოს.

„ომი წააგეს და ახლა ძღნერით უნდათ აგვივსონ ოჯახი!“

 

პროტესტის ნიშნად ბაბუა ყანაში ფალოსის ფიგურას აღმართავს და გაბრაზებული ცას აყვირებს ხოლმე: „შეგეცი!“ „შაო ღრუბელო, შეგეცი!“

ყველაზე სევდიანი მომენტი ჩემთვის იყო, როცა ბაბუა ჯიუტად არ აპირებს სახლში მყოფი ჩეჩმის გამოყენებას და საშინელ ამიდში მაინც გარეთ მიდის.

„ბაბუამ ნიფხავ – პერანგის ამარა მიაღწია ჩეჩმას. სულ გალუმპული იყო.

ქარი წუოდა ჩეჩმის ნაფოტებში, დროშასავით ფრიალებდა გეოლოგის

პლაშის ნაგლეჯები, რაც ჩეჩმას სიდიადეს მატებდა. ეზოს თავზე მაღალი

ძაბვის მავთულები ერთმანეთს ედებოდნენ, ნაპერწკლებს ყრიდნენ, შხამიანი

მწვანე შუქით ანათებდნენ ეზოს. ო, რა მრისხანედ გამოიყურებოდა დღისით

ასეთი უბრალო და საწყალი ჩეჩმა!“

ბებიის მიტანილ ყავარს, რომ თავზე გადაიფაროს გვერდზე მოისვრის, ლანძღავს ფაშისტებს და უცებ ხმაგატეხილი ამბობს „სადაა ჩემი გოგია“.

როგორი უმწეობა იგრძნობა უეცრად,  თითქოს კომიკური სიტუაციიდან. შვილის გარეშე დარჩენილი მოხუცები, რომლებსაც ვერავინ (ამ შემთხვევაში შვილი) ვერ იცავს იმ ძალისგან, რომელიც განუსაზღვრავს თუ სად მოისაქმონ ადამიანებმა. გარეთ თუ სახლში.

ცალკე ამბავი და მოთხრობაა ბაბუას დატირების სცენა, რომელიც ალბათ კლასიკურია დასავლეთ საქართველოში. ამბობენ ზოგიერთ სოფლებში ახლაც შეხვდები მსგავს სიტუაციასო.

„ჯაგნარიდან ორი ქალი გამოვარდა, მძიმედ სუნთქავდნენ ნარბენები.

ერმილემ ორ  – ორ მანეთი მისცა. ქალებმა ფული ძუძუებში შეინახეს, თმები  გაიშალეს და იკითხეს:

-რა ქვიოდა უბედურს?

-ვარლამი.

-ისთე რა ქვიოდა, ცოლისთვის?

ვატაია.

-რა მიქენი ვატაია?

ხმამაღლა, გაშლით თქვა ერთმა მოტირალმა. ქალებმა ერთად იკივლეს:

-სად მიდიხარ, ვარლამ!?

შემდეგ რიგრიგობით და ხმამაღლა ეკითხებოდნენ ცას, მიწას, ხალხს, მთებს, ხეებს და ღრუბლებს:

-ვინ დადიოდა შენზე კარგი ამ ქვეყანაზე?

-რატო წადი?!

-რატო მიგვატოვე, არ გრცხვენია?!“

 

 

და ა.შ.

პოეზიაა.

 

მეორე მთავარი პერსონაჟია გერმანელი ტყვე შულცი. ალბათ კლასიკური გაგებით გერმანელი. არბაითენ. თან ისე მუშაობს, რომ ხალხი ერთმანეთს ეკითხება ამათ როგორ მოვუგეთ ომიო. ერთი გოგო გაოცებით იმასაც კითხულობს, თუ რანაირად შეიძლება გერმანელი – ამნაირ პირისახიანი და ზრდილობიანი იყოს. ერთ-ერთ საიტზე კომენტარში წავიკითხე, ეს ნაწარმოები გერმანიის სკოლებში უნდა ისწავლებოდესო, რატომაც არა. დღეს მოგვიწია საუბარი, თუ რა პირობებში იყვნენ გერმანელი ტყვეები საბჭოთა კავშირის ბანაკებში, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა მომეყოლა, რომ აგერ ქუთაისში მაგალითად, შულცს უფლება ჰქონდა გარდაცვლილისთვის შესანდობარი ეთქვა, ეჭამა მჭადი და მოეწია სოროკი, საულიამ რომ დაუტოვა. შულცი ეხმარება და ექომაგება ვარლამს. უეცრად და სრულიად წარმოუდგენლად ამნისტიას მოიპოვებს და გერმანიაში ბრუნდება.

ეს უეცარი და წარმოუდგენელი ამბები ხდება 1 მაისს, თუმცა თუ გავიხსენებთ რა სისტემასთან გვაქვს საქმე შეიძლება სულაც აღარ მოგვეჩვენოს ასე წარმოუდგენლად.

 

და ბოლოს ერმონია. ქუთაისის ანგელოზი, ან შეიძლება არა მხოლოდ ქუთაისის. მართალია თვითონ ირწმუნება ტყუილიაო, ამბობს „რა უნდა ქუთაისში ანგელოზებს“- ო, მაგრამ მას ნახავთ ყველგან, სადაც ადამიანებს დახმარება სჭირდებათ.

ამ ნაწარმოებზე ილუსტრაციები თავად რეზო გაბრიაძეს შეუქმნია.

მოკლედ ესაა ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ამბავი, რომელიც ალბათ არასდროს აღარ დაგავიწყდება. არ დამავიწყდება არც მე, როცა ქუთაისის ქუჩებში გავივლი აუცილებლად წარმოვიდგენ მის ქუჩებში როგორ დარბიან კაკაურიძის ცხენს მომხტარი ერმონია, სამაკატკით ვარლამი და მათ უკან ველოსიპედით შულცი. მღერიან :

წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო,

თუ მაისის ქუთაისმა გკითხოს ვინა ხარო,

უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ, არ კი უთხრა, ვისი,

ისეც თვითონ მიგიხვდება ჩემი ქუთაისი.

qutaisi-qalaqia-59-otto-schulz-ermonia-da-varlami

 

„… მღეროდა სამი რაინდი: ერმონია, შულცი და ვარლამი.

სათაფლიის ტყიდან ბანოჯამდე, წყარომდე, თითქმის `გვირაბმშენამდე~,

ყველა სულიერი გამოეფინა: გარეული ლომები, გაველურებული ვეფხვები,

ბალანჩივაძეები, გურეშიძეები, ბრეგვაძეები, ფარშავანგები, ალავიძის თხა.

ყველა მოსდევდა მათ და ტკბებოდა მათი სიმღერით.“

 

პ.ს. მენატრება ქუთაისი

 

Hand.cannot.erase

image

დეივის ტრადიციული ფოტო.მე არ ვჩანვარ.

ამ მიტოვებული ბლოგის (ვიცოდი რომ ასეც იქნებოდა ) პირველი პოსტი ერთ კაცზე იყო. მაშინ საერთოდ არ მიფიქრია, რომ ეს კაცი რამდენიმე თვეში ჩემგან ისე ახლოს იდგებოდა რომ შევძლებდი მის სახეზე ოფლის წვეთები დამეთვალა 🙂 მომიტევეთ რომანტიკა.
სადღაც ნოემბრისთვის, როცა ჩემი აქეთ წამოსვლა რეალური გახდა, უკვე ზეპირად ვიცოდი სად და როდის მღეროდა. ჩამოსვლიდან 2 თვეში ვიფიქრე, რატომაც არა? საერთოდ როცა შორს ხარ ოცნებიდან უფრო მარტივია, უფრო დიდ გასაქანს აძლევ ფანტაზიებს. როცა უახლოვდები უკვე ეჭვი გეპარება. რომ არ გამოვიდეს? და რომ არ მომეწონოს? ეს მართლა ვიფიქრე, აქამდე არასდროს ვყოფილვარ მსგავს კონცერტზე, მუსიკა ჩემთვის ინტიმური რამაა, ყოველთვის ჩემთვის ვუსმენ, არ მიყვარს გაზიარება. კიდევ ერთი ეჭვის საბაბი ის იყო, რომ არ მიყვარს გარშემო ამდენი ხალხი. და ეს ვიგრძენი კიდეც დაწყებამდე, ერთ მომენტში მეგონა,რომ ვერ გავძლებდი. მაგრამ მუსიკა რანაირი ჯადოქრობა იქნებოდა ეს ყველაფერი მალევე რომ არ გაექრო ჩემი გონებიდან.  მოკლედ პრაღა არ გამოვიდა და ვენაში წავედი. წესით 3 დღე მქონდა, მაგრამ სინამდვილეში აქედან 2 დღე გზაში გავატარე. თავიდანვე ვიცოდი რომ ვენის სრულყოფილად ნახვას ვერ მოვასწრებდი, თუმცა სხვა მთავარს ვნახავდი. 😊 20-ში გვიან ჩავედი. ვენა პირველი დიდი ქალაქია, რომელშიც მარტო აღმოვჩნდი და აზრზე არ ვიყავი რა უნდა მექნა. (თბილისს თუ არ ჩავთვლით😁) ვეცადე მეტროთი მესარგებლა,მაგრამ არასწორ ადგილზე ამოვედი და დაღლილობისგან დაუძლურებული იძულებული ვიყავი ტაქსით მესარგებლა. 21 აპრილი შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო. დილით ადრე გავედი. Stephanplatz-ზე მეტროდან ამოხვალ თუ არა თვალწინ გრანდიოზული Stephansdom გეშლება. ძალიან ლამაზი.

image

image

საერთოდ ვენა მთლიანად ერთი დიდი მუზეუმია. ყველგან კლიმტით და მოცარტით. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოგონება გამომყვა, როგორ ვზივარ მუზეუმ ალბერტინას შესასვლელთან, გადავყურებ ვენას და ვუსმენ მოცარტს. სამწუხაროდ პლეერში მხოლოდ მისი requiem აღმომაჩნდა.

image

საოცრებაა Maria Theresian platz, ირგვლივ სიმწვანე და შადრევნები. და მუზეუმებიც. იმდენი მუზეუმია ყველგან, მათ სანახავად არც დრო მქონდა და არც ფული.  არსებობს გამონაკლისები, მაგრამ მუზეუმების თვალიერება მოსაწყენ საქმედ მიმაჩნია. აი სახლ-მუზეუმები სხვაა.

image

კონცერტამდე დარჩენილი ბოლო ძალებით Schloss Schönbrunn – ს მივაშურე. გერმანელებისგან მქონდა დავალება, რომ პირველ რიგში ეს ადგილი მენახა, რადგან აქ გერმანელი დედოფალი სისი ცხოვრობდა :)) წავბობღდი, რადგან სიარული აღარ შემეძლო. თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ თვალს შევავლებდი და წამოვიდოდი. თანაც მუზეუმის ბილეთი 28 ევრო ღირდა. მოკლედ ეს არის გრანდიოზული სასახლე, უშველებელი ეზოთი. და მადლობა ღმერთს რომ ცნობისმოყვარეობამ მძლია და სასახლის უკანა მხარეს გავიჭვრიტე 🙂 უშველებელი ბაღი, ლაბირინთებით, ტყით, შადრევნებით და ძეგლებით. იქვეა ვენის ზოოპარკიც. ამ ბაღებში შეგიძლია მთელი დღე იარო. დაახლოებით 300 მეტრში ადიხარ გორაკზე, საიდანაც ჩანს სასახლე და მის უკან მთელი ვენა. აი ეს რომ გამომეტოვებინა ალბათ სამუდამოდ შევიძულებდი საკუთარ თავს.

image

კონცერტზე წავედი ისეთი განწყობით, საკუთარ თავს ვეკითხებოდი პანაშვიდზე მივდიოდი თუ ამ საუკუნის
ყველაზე მაგარი მუსიკოსის ცოცხლად სანახავად და მოსასმენად. პირველად მაშინ მივხვდი რომ  ფეხები მეკეცებოდა, როცა დარბაზში შევედი და ბოუვის ბლექსთარი იყო ჩართული. კონცერტამდე ჯერ კიდევ 45 წუთი იყო. კარგ ადგილას მოვხვდი. განწყობა ცოტატი გამიუმჯობესდა, საბოლოოდ კი ყველანაირი ეჭვი და დებილური ხასიათი, კონცერტამდე 10 წუთით ადრე გაქრა, როცა ინტრო ჩაირთო, ეს იყო ძალიან დაძაბული 10 წუთი, თავის მხრივ ინტრო ისეთია, აი როგორიც მოლოდინისას უნდა იყოს, თავში რომ გიკაკუნებს. ფიქრობ, ახლა გამოვა, აი ახლა ))) და როცა გამოვიდა, ვიგრძენი, რომ ხელები არ მქონდა, რომ ტაში დამეკრა. სტივენი აღმოჩნდა იმაზე პატარა და სუსტი ვიდრე წარმომედგინა. იყო ძალიან მოწყენილი, რადგან ნახევარი საათის უკან პრინცი მომკვდარა. (მაიკლ ჯექსონი არა, მეორე 😃). ყველაზე მეტად “მოიტანა” ancestral-მა. რათქმაუნდა routine იყო ისეთი, როგორსაც ველოდი. წამლეკავი. მანამდე ისაუბრა თუ რა მშვენიერი რამაა მელანქოლია, რა ლამაზი შეიძლება იყოს სევდიანი მუსიკა, და ამავე დროს გამამხნევებელი.  მეორე ნაწილში შეეცადა ემღერა პრინცის სიმღერა, მაგრამ არ ახსოვდა, იმღერა lazarus, ბოუვისთვის, რაც ძალიან გამიხარდა, რადგან ამ სიმღერით აღმოვაჩინე სტივენი და მაჩვზღარბა. განსაკუთრებით გამიხარდა Harmony Korine და Sleep together.  შუალედებში იწუწუნა, რომ თვითონ და მისი თაობა უკვე დაბერდა, ახალგაზრდები კი კონსერვატიულ მუსიკას უფრო უკრავენ. კიდე ისაუბრა ბევრ რამეზე, რაც ვეცადე სიმღერებზე უკეთ დამმახსოვრებოდა 🙂   ხო კიდე სტივენი აღმოჩნდა იმაზეც ცანცარა ვიდრე მეგონა :)))
სამწუხაროდ ეს სიტკბოება დასრულდა ძალიან მალე. ჰოსტელამდე როგორ მივედი არ მახსოვს. მხოლოდ ის რომ გზა ამერია და წრეებზე ვიარე 20 წუთი.

image

მეორე დღეს ტრანსფერი მიწევდა პრაღაში, სადაც მქონდა 3 საათი დრო, მაგრამ სადგურზე დიდი მანძილით გაცილების არანაირი სურვილი არ მქონია, რადგან არც რუკა მქონდა და არც ინტერნეტი. დამავიწყდა ლუდის დალევა, სამაგიეროდ ვჭამე ყველაზე ცუდი სალათი ჩემს ცხოვრრბაში, და დავლიე ყველაზე საშინელი რაღაც, რაც კოლა მეგონა, მაგრამ ვერ მივხვდი რა იყო. საბედნიეროდ ჩამოვუსწარი ბოლო მატარებელს და არ მომიწია ღამის სადგურზე გათევა.

image

არანაირი ამბიცია არ მაქვს, თავს მელომანს ვუწოდებდე. ვარ დილეტანტი, ვერ ვიმახსოვრებ ალბომებს, სიმღერის სახელებს, მუსიკოსებს (საბედნიეროდ დავიმახსოვრე ის 4 ადამიანი,ვინც სტივენის უკან დგას ხოლმე, რასაკვირველია მათი ნახვა და მოსმენაც ცალკე ბედნიერებაა). მუსიკალურად ჩემი განვითარება და წინ წასვლა (რაც გულისხმობს ახალი ბენდების აღმოჩენას და ა.შ.) არის ნელი პროცესი, რადგან მჩვევია სიმღერების ამოჩემება და მათი მოსმენა მანამ, სანამ ბოლოს გულისრევამდე არ მომბეზრდება. ამიტომაც ავიკრძალე სტივენის მოსმენა რაც ვენადან დავბრუნდი და ვცდილობ ახალი მუსიკა აღმოვაჩინო.

ბოლოს: ყველანაირად ვეცდები კიდევ ერთხელ ვნახო ეს კეთილი პიროვნება ლაივში. ასევე, დავესწრო სხვა კონცერტებს/ფესტივალებს, რადგან მივხვდი, რომ მსგავსი ფორმატითაც შეიძლება მუსიკისგან სიამოვნების მიღება, შეიძლება უფრო მეტისაც კი 🙂
ვენა კი ჩაეწერა ჩემი საყვარელი ქალაქების სიაში.

image

სხვისი შეშფოთებით შეშფოთებულნი

მოკლედ თუ ვინმე იკითხავს რა არის ქართველთა საყვარელი სპორტიო, სხვა რამეებთან ერთად უთხარით, რომ ორ რადიკალურ ბანაკად გაყოფა.

13-ში ღამით ჩემი გერმანელები სტუმრად საფრანგეთის ნაკრებს ეთამაშებოდნენ. თამაშის ყურების შანსი არ მქონდა, რადგან ძაღლმა ლეპტოპის სატენი შემიჭამა და დავიძინე. მეორე დილით ანგარიშის გასაგებად შესულს ასეთი ამბები დამხვდა. აკანკალებულმა შევისრუტე ყველა ინფორმაცია, ოღონდ არ მიყურებია არცერთი ვიდეოსთვის. არ ვილაპარაკებ იმაზე, რომ ტერორიზმი ცუდია, რომ ბოროტება ცუდია. ამაზე ბევრი ითქვა და მადლობა ღმერთს ამაში მაინც ეჭვი არ შეგვპარვია. მაგრამ სამაგიეროდ იმ ხალხს, რომლებსაც მოუწიათ მთელი წლის სამყოფი სარკაზმი ერთ დღეში დაეხარჯათ, ეჭვი შეეპარათ ყველას გულწრფელობაში.

კედელზე გივარდებიან და თავში გიხათქუნებენ ფოტოებს, ხელებს ყელში გიჭერენ და გამარჯვებული ტონით გეკითხებიან: სად იყავი, მაშინ როცა აქ და აქ ეს მოხდა? რატომ არ დააყენე კენიის დროშა ავატარად? რა, ლიბანონში ხალხი არ ცხოვრობს? რატომ არ იგლოვე ისინი? რატომ არ დაწერე ფეისბუქსე სტატუსად, რომ დღეს შენც სირიელი ხარ? – ქირქილებს ფრენდთა ნახევარი. ხო, კიდე ნიჰილისტთა ჯგუფი არსებობს, რომლებიც წერენ რომ ყველანი უძლურები ვართ და ჩვენი დროშების ფრიალით ვერაფერს შევცვლით.

რათქმაუნდა ჩვენ ვერაფერს შევცვლით, ვერც მე ამ პოსტით, მაგრამ ბოროტმა ადამიანებმა უნდა დაინახონ რომ გავბრაზდით და მუჭებიც დავიჭამეთ, სულ ცოტა ხნით მაინც.

კარგია, როცა ადამიანები მსოფლიოს ყველა მხრიდან ერთი იდეის გარშემო ერთიანდებიან, ყოველთვის მაღელვებდა ეს ამბავი. ცუდია, რომ იგივე არ მოხდა სხვა შემთხვევებშიც, თუმცა ევროპის ცენტრში მომხდარი უბედურება უფრო აშინებს, დაუცველობის და უძლურების გრძნობას უჩენს ადამიანებს.

P.S.ისეთებზე ვბრაზობდი, ვინც ასეთ ტრაგიკულ დროს საქიქრილოდ იცლის და ასეთ პოსტს კი ვწერ, მაგრამ ორი დღეა ყველას ვეწუწუნები, როგორ დამღალა ამ ყველაფრის კითხვამ. და საერთოდ სოციალურმა ქსელებმა, საიდანაც ამ ბოლო დროს სიძულვილის და დაცინვის მეტი არაფერი მოდის. ჰოდა სხვებისთვის ყურების გამოჭედვას, ჯობია ისევ აქ დავწერო.

“ყვავილები ელჯერნონისთვის”

დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის” ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია, ამ ამოსუნთქვას მთელი გული უნდა ამოყვეს, ცრემლებთან ერთად.

გუშინ საღამოს, ოცი გვერდი რომ დამრჩა, ვიფიქრე დავწვები და ისე წავიკითხავთქო, ვგრძნობდი როგორი დასასრულიც მელოდა. მანამდე წიგნი გვერდით გადავდე და ტელევიზორს მივაჩერდი. “ნიჭიერი” გადიოდა. არ ვიცი ამ გადაცემას ასე რატომ ქვია, როცა პირველ რიგში პროდუსერები, წამყვანები და ჟიურის წევრებიც კი უნიჭო ყავს. ერთი გოგო გამოვიდა, ეგრევე შევატყვეთ საზოგადოებამ, რომ “ვერაა”. ყველანი ვხვდებით რომ ახლა ძალიან ვიხალისებთ, სასწრაფო სტარტზეა, რომ სიცილისგან გულწასული ხალხი მოასულიეროს. და წარმოდგენაც იწყება, ეს გოგო ბურთზე იწყებს ტრიალს, ჟიური გადაფიჩინდა სიცილისგან, ხალხი იატაკზე წევს. ეს გოგოც ბედნიერია, რომ ხალხი ასე გაახალისა, მაგრამ ამდენი დაცინვის და ცინიზმისგან მაინც სევდიანი ტოვებს სცენას.

“ძალიან ადვილია გყავდეს მეგობრები თუ ადამიანებს უფლებას მისცემ დაგცინონ.”

სიბრაზისგან სისხლი ჩამექცა. ვერაფერს იზამ. მთავარი კითხვაა, როგორ მივიდა ეს გოგო აქამდე? არ მჯერა, რომ თავისით გადაწყვიტა სცენაზე გამოსვლა და ეს ნომერიც თავად დადგა. ჰოდა მგონია, რომ ეს გოგო ალბათ ვინმე პროდუსერთაგანს ქუჩაში შეხვდა და ეს ვინმეც პირველი დანახვისას მიხვდა, რომ “მაგარი მასალა” იპოვა. ერთი მოთხრობა გამახსენდა, არილში წავიკითხე, ივა ფეზუაშვილის “ცა”. მანამდე არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ წაკითხვის მერე ზუსტად ვიცი საიდან მოდიან ასეთი ადამიანები. მათ ეძებენ, ფულს უხდიან და არწმუნებენ რომ სცენაზე გამოვიდნენ. საზიზღრობაა. რატომ უნდა იყოს ასეთი რამ რეიტინგული? რატომაა აუცილებელი რომ სხვების გონებასუსტობაზე გავერთოთ? ნუთუ სხვა საქმე არ გვაქვს?

ამ “ნომრის” მერე შუქი წავიდა და გამიხარდა. დავწექი და სანთლის შუქზე მოვრჩი წიგნის კითხვას. ბევრი კითხვა მაქვს.

ალბათ ყველას უოცნებია, რომ უფრო ჭკვიანი ყოფილიყო ვიდრე არის, ესწავლა ენები, თავისუფლად ემსჯელა სხვადასხვა საკითხებზე ან უბრალოდ იმათთვის, ვისაც მასში ეჭვი ეპარებოდა დაემტკიცებინა, რომ ახლა უკეთესია და მას რაღაც გამოუვიდა.

ჩარლი გორდონი არაა სხვებივით ჭკვიანი, ამის გამო ის არავის ჭირდება. ოჯახი მის არსებობას ივიწყებს, სამსახურში მეგობრები მხოლოდ იმიტომ ყავს, რომ მასზე კარგად ერთობიან. ჩარლი არავის მიაჩნია პიროვნებად, იგი საზოგადოებისთვის ხორცმეტი, მეჭეჭია, რომელიც უნდა მოიცილო ან უბრალოდ უგულებელყო თუ უსაფთხო ადგილზეა, იქ სადაც არ ჩანს. გულკეთილ და მიმნდობ ჩარლის ძალიან  უნდა სხვებივით ჭკვიანი იყოს და ამიტომ თანხმდება ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, იკეთებს ოპერაციას და გადის რთულ გზას, როცა მისი IQ 70-დან 180-მდე ადის. ჩარლიმდე ეს გზა უკვე გაიარა ელჯერნონმა, ვირთხამ, რომელზეც ექსპერიმენტი წარმატებით განხორციელდა.

წარმოიდგინეთ თუნდაც საკმაოდ გონებაგანვითარებული ადამიანი, რამდენიმე დღეში რომ გენიოსი გახდეს. ჩარლიმ კი ექსპერიმენტამდე  წერა-კითხვაც არ იცის. იგი სწრაფად ითვისებს ყველაფერს, სწავლობს ოცამდე ენას, აკეთებს აღმოჩენებს, კვლევებს და წერს ნაშრომებს სხვადასხვა დარგში, იგი გენიოსია. თითქმის შთანთქავს ყველანაირ ლიტერატურას. მან უკვე იცის ყველაფერი რაც შეიძლება წიგნებში ამოიკითხო.

მაგრამ წიგნებში ვერ ამოიკითხავ იმას, თუ როგორ იცხოვრო. ჩარლიმ კვლავ არაფერი იცის ცხოვრებზე, მისი ემოციებიც კი ჯერ კიდევ მოზარდისაა. მან არ იცის როგორ შეიძინოს ან შეინარჩუნოს მეგობრები, როგორ მოიქცეს ქალთან, როგორ დაიბრუნოს ოჯახის წევრები. მისი უკვე ეშინიათ. ძველი მეგობრები მათთან ურთიერთობას გაურბიან. ის ჭკვიანი ადამიანები, რომლებმაც ჩარლიზე ექსპერიმენტი ჩაატარეს, სულაც არ აღმოჩნდნენ ჭკვიანები. მათი ცოდნა და გამოცდილება მალე არაფრად იქცევა ჩარლის თვალში და იმასაც ხვდება, რომ მათთვის ის უბრალოდ ლაბორატორიული ვირთხაა, ელჯერნონისგან არაფრით განსხვავებული. ექსპერიმენტი წარუმატებელია და ჩარლი გორდონი იმავე გზას გადის, რაც თვეების წინ გაიარა, ოღონდ უკანსვლით.

“იმდენი კი შევიგნე, რომ მარტო ინტელექტი ჩირადაც არ ღირს. აქ, თქვენს უნივერსიტეტში ინტელექტს, განათლებას, ცოდნას ეთაყვანებით. მე კი ვიცი რა გამოგრჩათ მხედველობიდან – ინტელექტსა და განათლებას ადამიანური სითბოს გარეშე გახვრეტილი გროშის ფასი აქვს”

ზუსტად მაინც რას ვგებულობთ ადამიანზე, მისი IQ-ს ნიშნულის ცოდნით და რას ნიშნავს იყო ჭკვიანი? რას ნიშნავს იყო “ნიჭიერი” ან “უნიჭო”, გვაძლევს ეს უფლებას, რომ ჩაბჟირებამდე ვიცინოთ ადამიანზე, პიროვნებაზე? იქნებ ის უფროა უჭკუობა, რომ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებისთვის სხვაზე ღლიცინი გვჭირდება? იქნებ როგორმე ისე მოვახერხოთ გართობა, რომ სხვებს ცხოვრება არ დავუმახინჯოთ.

“ყვავილები ელჯერნონისთვის” აუცილებლად წასაკითხი წიგნია. კარგა ხანია ასე არ მდომებია, რომ წიგნის მთავარ გმირთან მემეგობრა. აუცილებლად გაგიჩენდებათ თანაგრძნობის უნარი და უფრო ფრთხილად მოეპყრობით ადამიანებს, პიროვნებებს, მიუხედავად მათი ინტელექტუალური მაჩვენებლისა.

P.S. თუშეძლეფთ ყვავილები დააშყეთ ელჯერნონის საფლავზე უკანაეზოწი.