Tag Archive | სარკაზმი

სხვისი შეშფოთებით შეშფოთებულნი

მოკლედ თუ ვინმე იკითხავს რა არის ქართველთა საყვარელი სპორტიო, სხვა რამეებთან ერთად უთხარით, რომ ორ რადიკალურ ბანაკად გაყოფა.

13-ში ღამით ჩემი გერმანელები სტუმრად საფრანგეთის ნაკრებს ეთამაშებოდნენ. თამაშის ყურების შანსი არ მქონდა, რადგან ძაღლმა ლეპტოპის სატენი შემიჭამა და დავიძინე. მეორე დილით ანგარიშის გასაგებად შესულს ასეთი ამბები დამხვდა. აკანკალებულმა შევისრუტე ყველა ინფორმაცია, ოღონდ არ მიყურებია არცერთი ვიდეოსთვის. არ ვილაპარაკებ იმაზე, რომ ტერორიზმი ცუდია, რომ ბოროტება ცუდია. ამაზე ბევრი ითქვა და მადლობა ღმერთს ამაში მაინც ეჭვი არ შეგვპარვია. მაგრამ სამაგიეროდ იმ ხალხს, რომლებსაც მოუწიათ მთელი წლის სამყოფი სარკაზმი ერთ დღეში დაეხარჯათ, ეჭვი შეეპარათ ყველას გულწრფელობაში.

კედელზე გივარდებიან და თავში გიხათქუნებენ ფოტოებს, ხელებს ყელში გიჭერენ და გამარჯვებული ტონით გეკითხებიან: სად იყავი, მაშინ როცა აქ და აქ ეს მოხდა? რატომ არ დააყენე კენიის დროშა ავატარად? რა, ლიბანონში ხალხი არ ცხოვრობს? რატომ არ იგლოვე ისინი? რატომ არ დაწერე ფეისბუქსე სტატუსად, რომ დღეს შენც სირიელი ხარ? – ქირქილებს ფრენდთა ნახევარი. ხო, კიდე ნიჰილისტთა ჯგუფი არსებობს, რომლებიც წერენ რომ ყველანი უძლურები ვართ და ჩვენი დროშების ფრიალით ვერაფერს შევცვლით.

რათქმაუნდა ჩვენ ვერაფერს შევცვლით, ვერც მე ამ პოსტით, მაგრამ ბოროტმა ადამიანებმა უნდა დაინახონ რომ გავბრაზდით და მუჭებიც დავიჭამეთ, სულ ცოტა ხნით მაინც.

კარგია, როცა ადამიანები მსოფლიოს ყველა მხრიდან ერთი იდეის გარშემო ერთიანდებიან, ყოველთვის მაღელვებდა ეს ამბავი. ცუდია, რომ იგივე არ მოხდა სხვა შემთხვევებშიც, თუმცა ევროპის ცენტრში მომხდარი უბედურება უფრო აშინებს, დაუცველობის და უძლურების გრძნობას უჩენს ადამიანებს.

P.S.ისეთებზე ვბრაზობდი, ვინც ასეთ ტრაგიკულ დროს საქიქრილოდ იცლის და ასეთ პოსტს კი ვწერ, მაგრამ ორი დღეა ყველას ვეწუწუნები, როგორ დამღალა ამ ყველაფრის კითხვამ. და საერთოდ სოციალურმა ქსელებმა, საიდანაც ამ ბოლო დროს სიძულვილის და დაცინვის მეტი არაფერი მოდის. ჰოდა სხვებისთვის ყურების გამოჭედვას, ჯობია ისევ აქ დავწერო.