Archive | March 2020

Staying at home (as if I have a choice)

FB_IMG_1584611635595.jpg

2 თვის წინ რომ ვინმეს ეთქვა, სახლიდან იმუშაოვეო, და მარტო სასეირნოდ გამოდი ხოლმე ჰაერზეო, თან ქუჩაშიც არავინ დაგხვდება და მთლიანი პარკიც შენს განკარგულებაში იქნებაო. იჯექი სახლში და იკითხე და უყურეო. იფიქრე თუ მოგინდებაო. ხომ იქნებოდა კარგი? გამიხარდებოდა, დავთანხმდებოდი.

ახლა, როცა სხვა გზა არ მაქვს და ასე მიწევს ცხოვრება, აუტანელია ასეთი ყოფა. როდიდან გავხდი ასეთი დრამატული ვერ ვიხსენებ. თუმცა ნერვები დაწყვეტაზე მაქვს.

ვიცი რატომაც – სახლში ყოფნა იმიტომ მომწონდა ადრე, რომ აქ მოულოდნელი არაფერი ხდება, ასე თუ ისე აკონტროლებ შენს ცხოვრებას, შენს არჩევანს და გარემოც ვერ ახდენს დიდ გავლენას ამ ყველაფერზე.

ახლა, როცა იძულებით ვარ სახლში და ყოველ წუთას ცუდი ამბის მოლოდინი მაქვს, როგორ გინდა რამისგან სიამოვნება მიიღო? ჩემი ჯოჯოხეთი შედგება მოლოდინის რეჟიმში ყოფნისგან და უეცრად მომხდარი ბევრი ცვლილებისგან. ასე ცხოვრებასაც ვისწავლი ალბათ. მომიწევს.

აღარ მინდა ფეისბუქზე შევდიოდე და მითუმეტეს რამეს ვპოსტავდე.. მინდა ხოლმე იქ მოვყვე რაღაცეები, და რადგანაც ამ სურვილს ხშირად ვებრძვი, მირჩევნია აქ დავწერო ხოლმე ის სისულელეები რაც თავში მომდის და დიდ ძალისხმევად მიჯდება, რომ იქ არ ვწერო. არ მინდა საბოლოოდ გიჟად ჩამთვალონ ადამიანებმა.

დღეს გული იმანაც მატკინა, რომ ჩემმა დობიმ ჩემთვის კბენა სცადა/ მიკბინა 😦 მხოლოდ იმიტომ რომ უფლებას არ ვაძლევ თავისზე 4-ჯერ დიდი ზომის ძაღლებთან ქონდეს სექსი. და ამის გამო ყვავილები გადამითელოს.

და საერთოდ დავაკვირდი, რომ რაც უფრო ვცდილობ ვიზრუნო არსებებზე, თუნდაც ადამიანებზე და მათთვის კარგი მინდოდეს, უფრო მეტ უმადურობას ვიღებ პასუხად.

 

FB_IMG_1584079015077-1.jpg

აი ეს მინდოდა დამეპოსტა და კარგია რომ არ ვქენი. აქ მაინც არავინ წაიკითხავს.

კიდე ის, რომ რაც არ უნდა მოხდეს არ შევიღებო თმა, განსაკუთრებით მწვანედ. რატომ არ ვაგდებ იმ მწვანე ტონიკს? აი, იარაღი თუ არის ოთახში, ბოლოს მაინც გაისვრისო, თუ რაღაც ასეთი რომ თქვა ჩეხოვმა, დაახლოებით ასეა ჩემი და იმ ტონიკის საქმე. ბოლოს მაინც ვიხმარ ალბათ. მემენტოში, რომ ტატუებს იკეთებს ის ტიპი, რომ საკუთარ თავს შეახსენოს რაღაცეები, ისე ვიზამდი: “არ ენდო მწვანე ტონიკის ტუბს”.

კიდე რა. თუ ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება წავალ ტყეში. და მერე ზღვაზე. თან მანდამდე ზაფხულიც მოვა ალბათ.

1 აპრილს ჩემი ერთერთი გეგმით editors-ის კონცერტზე უნდა წავსულიყავი კიევში. რომ მახსენდება, რა ახლოს ვიყავი ბილეთების ყიდვასთან. და მერე ისე ვნანობდი, რომ საბოლოოდ იტალია ვამჯობინე. ახლა, რომ ეგ ბილეთი მქონოდა და ვერ წავსულიყავი (ცხადია), დეპრესია და სუიციდი მერე გენახათ. ასე, რომ ხანდახან მოთმინებაა საჭირო, რომ ჩვენი გადაწყვეტილებების სისწორეში ან მცდარობაში დავრწმუნდეთ. ესეც შემდეგი ტატუ-შეხსენება. მე ხომ იმ წუთას მინდა ხოლმე პასუხები.

ჰო კიდე ძალიან მინდა, რომ the cure-ს a forest აღარ ჩამირთოს ხოლმე იუთუბმა ავტომატურად. აღარ მინდა, მეც ხომ ადამიანი ვარ? რობერტი უფრო დეპრესიაში მაგდებს.

ამ ბოლო ორი დღის მთავარი გახსენება მუსიკაში – porcupine tree-ს fear of a blank planet. ეგეთი დროული გახსენებები თავიდან აღმოგაჩენიებს ხოლმე უკვე ნაცნობ ტექსტს.

ხვალიდან ახალი სამუშაო კვირა მელოდება წინ. ვალერიანის დამამშვიდებლები მაქვს და წვეთებსაც მივამატებ.

FB_IMG_1584777056045.jpgმთავარია სუნს და გემოს ვგრძნობდე, იმიტომ რომ სავარაუდოდ ვირუსის პირველი სიმპტომი ამათი დაკარგვა ყოფილა.

კუჭის აშლაც.

ნახვამდის. ✌

 

 

 

 

 

 

 

Life During COVID-19-Time

IMG_20200316_164054.jpg

მალე დისტანციური რეჟიმით მომიწევს მუშაობა, ისევე როგორც ყველას და ვიფიქრე ლეპტოპზე ჩქარა მუშაობას გავიხსენებ, თან გადარჩენის გეგმებსაც ჩამოვწერთქო. მენტალურად გადარჩენის.

ბოლო ერთი თვეა იმატებს სიგიჟე ჩვენს ცხოვრებაში და გადავდივართ სადღაც ახალ დროში, სადაც ბევრი რამე აღარ იქნება ისე, როგორც იყო. ამის მართლა მჯერა. ან როცა ეს ყველაფერი ჩაივლის (ეგ კი ვიცი რომ ჩაივლის), უბრალოდ ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდება იმის გასახსენებლად როგორ ვცოვრობდით. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი უარესი ჯერ კიდევ წინაა.

BBC-ზე ვნახე სტატია, თუ როგორ დავიცვათ გონებრივი ჯანმრთელობა კორონავირუსის დროს. ვირუსი სავარაუდოდ ადამიანთა უმეტესობას არ დაგვემართება, მაგრამ მუდმივად დაძაბულ რეჟიმში და ცუდის მოლოდინში ყოფნა უფრო რთულად ასატანი მდგომარეობა შეიძლება იყოს, ვიდრე დაავადმყოფება. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც მყარი ფსიქიკით არც ისე გამოირჩეოდა.

რეკომენდაციებში პირველ ადგილზე რათქმაუნდა ინფორმაციის შეზღუდვაა, რაც ყველაზე რთულია. აქამდე თუ შემეძლო მეკონტროლებინა სოციალურ ქსელებში გატარებული დრო, ახლა ისტერიკულად სხვა არაფერს ვაკეთებ. მინდა ყველანაირი ინფორმაცია ვიცოდე, ცუდიც და კარგიც. მე პირადად შემიძლია “ფეიკ” ინფორმაცია ნამდვილისგან განვასხვავო, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს არ შეუძლია. თან გასათვალისწინებელია, რომ ყალბი სიახლეების ავტორებს უყვართ ხოლმე, როცა მათი ინფორმაცია შოკისმომგვრელი და პანიკის დამთესია.

ახალი ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება, ამიტომაც უნდა მოხდეს სანდო წყაროებთან და სასურველია მხოლოდ განსაზღვრულ დროებში.

უსაფრთხოების ზომების დაცვაც (ხელების დაბანა, სახეზე არ შეხება) არ უნდა გადავიდეს ისტერიკაში. განსაკუთრებით რთულია ადამიანებისთვის, რომლებსაც ისედაც აქვთ OCD ანუ აკვიატებული იდეები. მე უკვე ერთი კვირაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ ავსულვარ, თუმცა რთულდება საქმე ამ კვირაში, რადგან ცუდი ამინდებია და ახლა თუ ფეხით ვიარე ვერ იქნება მთლად გონივრული.

შემდეგი რჩევა არის, რომ არ შევწყვიტოთ ახლობელ ადამიანებთან კონტაქტი, იქნება ეს ვიდეოზარი თუ ონლაინ-კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა 😉.

ბიბისი ასევე გვაფრთხილებს რომ წინ პანდემიის რამდენიმე კვირა ან თვე გველოდება, ამიტომაც გვირჩევენ ე.წ. APPLE ტექნიკას, რომელიც დაგვეხმარება ცუდ ფიქრებთან გამკლავებაში. APPLE იშიფრება როგორც:

Acknowledge – მიიღე და შეიცანი დაბნეულობა და შიში.

Pause – ნუ იმოქმედებ. გაჩერდი და ისუნთქე.

Pull back – უკან დაიხიე. ნუ დაუჯერებ შენს ფიქრებს. ფიქრები არ არის ფაქტები.

Let go – გაუშვი. წარმოიდგინე როგორ მიდიან შენი ფიქრები ღრუბლის ან ბუშტის სახით.

Explore – აღმოაჩინე აწმყო, იმიტომ რომ ახლა, ამ წუთას ყველაფერი კარგადაა. შეამჩნიე შენი სუნთქვა და ისიამოვნე ამით. შეამჩნიე მიწა შენს ფეხებთან. ირგვლივ მიმოიხედე და დააკვირდი, რას ხედავ, რა გესმის, რისი შეხება ან დაყნოსვა შეგიძლია. აი ამ წამს. მერე ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე – იმაზე რისი გაკეთებაც გინდა, ან აკეთებდი სანამ დარდი შეგიჩნდებოდა. რამე გააკეთე – დაკავდი მთელი გონებით.

FB_IMG_1583854705568.jpg

მეც ამას ვცდილობ. საერთოდ ჩვეულებრივ ცხოვრებაში არასდროს წავიკითხავდი მსგავს ტექსტს და არ ვიტყოდი იმას, რომ ნაგატიური ფიქრები განვდევნოთ, მაგრამ ახლა ჩვეულებრივი ცხოვრება არაა და არც მარტო მე მეხება ეს ყველაფერი.

ჩემეული ვერსია კი იზოლაციაში დროის გატარების ასეთია:

  • დაუმთავრებელი წიგნების წაკითხვა – ცნობილია რომ წაუკითხავ წიგნებს შურისძიება შეუძლიათ, მაგრამ უარესს დაწყებული და ბოლომდე მიუყვანელი წიგნები დაგაყრიან, ასე რომ ვაპირებ შუა გზაში შეწყვეტილი წიგნები დავასრულო.
  • სერიალები და ფილმები – აქ მარტივადაა საქმე. ყველას აქვს უშველებელი სია სანახავი სერიალების ან ფილმების, ასე რომ გვეშველა. მოვიდა ამის დროც. მე უკვე დავიწყე “the morning show”, მაგრამ სტივ ქარელს ყველაზე სერიოზულ როლშიც კი მაიკლ სკოტად აღვიქვამ, ასე რომ არ ვიცი როგორ მივალ ბოლომდე.
  • ვუყურო interpol-ის და killers-ის ლაივებს. აქვე ვიტყვი რომ მხოლოდ PDA-ს ბოლო 2 წუთის მოსმენა და ამ დროს იმის წარმოდგენა, რომ მზეს ვეფიცხები და ისე ვუსმენ, მაძლევს იმედს რომ ყველაფერი ასე ვერ გაგრძელდება.

  • ვარჯიში (ვის ვატყუებ) და ცეკვა – ძაან მოსწონთ ის ვიდეოები, სადაც დებილი იტალიელები აივნებზე დგანად და მღერიან, მაგრამ მე ვთვლი რომ ცეკვას უფრო დიდი ძალა აქვს და უფრო ამხნევებს ადამიანს. თუ არ იცი როგორ იცეკვო ეს ბატონი გასწავლის:

ან ესენი:

ანუ ეს არის ის, რისგანაც ისედაც შედგება ჩვენი, ინტროვერტების დღეები, თუმცა ახლა, როცა ყველა დაბნეულია და საკუთარ ადგილს ვერ პოულობს, კიდევ ერთხელ ჩამოვწერე. პლუს ბევრი უნივერსიტეტი სთავაზობს უფასო ონლაინ კურსებს, ან მუზეუმები ონლაინ ტურებს.

ჰო კიდე, სტივენმა ახალი სიმღერა დადო, ქილერსმაც. ბესიკ ხარანაულმა ახალი ლექსი გამოაქვეყნა. ასე რომ რაღაც იქნება. 👀

FB_IMG_1582828097202.jpg