ცხოვრება ყავასა და ყვავილებში

ბოლოს როდის ვიტირე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე არ მახსოვს. ახლაც, ცრემლები თავისით მოდიან. ხშირად მიოცნებია ამაზე, მეგონა რომ ტირილის უნარის ქონა გადამარჩენდა და უკეთ გამხდიდა. სახლში სუნთქვა აღარ შემეძლო, ამიტომ ტყეში წამოვედი და ვცდილობ აღარ ვიტირო. მიზეზი? რთულია ჩემს თავში არსებული ქაოსიდან, რაიმე ერთი მიზეზი გამოარჩიო. არაუშავს. ლეონარდ კოენი მღერის, there is a crack in everything, thats how the light gets in. მე კი ვკითხულობ, what if you have too many cracks? მაშინ რა ხდება, როცა მხოლოდ ნამახვრევები ხარ და მეტი არაფერი. მაშინ ალბათ სინათლის და სიბნელის გარჩევის უნარი აღარ გაქვს. მხოლოდ გძინავს და ტირი. მგონი მუსიკაც მეზიზღება და ყველაფერი. უბრალოდ მინდა ლაპარაკი შემეძლოს, მოყოლა. არ გამიკვირდება თუ სწავლასაც შევწყვეტ და გერმანიაშიც აღარ წამოვალ შემდეგი სემესტრისთვის. რატომაა ჩემთვის ყველაფერი , თუნდაც რაიმესთვის ელემენტარული ძალისხმევის გაღება იმაზე ათასჯერ რთული, ვიდრე სხვებისთვის? როგორ უნდა ამიტანონ სხვებმა, როცა მე თვითონაც კი, საკუთარი თავისგან ისე დავიღალე, რომ არ ვიცი როდემდე გავძლებ… ვერ ვიხსენებ ვინ ან როდის დამაჯერა, რომ ყველა ჩემი გარშემომყოფისთვის ზედმეტ ტვირთად ვგრძნობდე თავს და ამის გამო არავის მივცე უფლება თუნდაც მომიახლოვდეს და დამაჯეროს რომ რაღაც ღირებულება მეც გამაჩნია, როგორც ადამიანს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია და მარტო უნდა ვიარო ამ ჩემი წარმოსახვითი ლოდებით სანამ გავძლებ. და როცა ეს ყველაფერი აუტანელი იქნება უკვე ფიზიკური ლოდები ჩავიბა და სადმე წყალში ჩავიძირო. როგორ მამშვიდებს ამ შესაძლებლობაზე ფიქრი ! ხალხი რომ მომიახლოვდება მაინდამაინც მაშინ იმატებენ უაზრო ცრემლები. ვინმემ რაიმე რომ მკითხოს ალბათ გული გამისკდება და მოვკვდები. თუმცა არამგონია ვინმემ თავი შეიწუხოს.

ჩემი და დობის ზაფხული

რამდენიმე საათში სახლში ვიქნები, არ ვიცი მიხარია თუ არა. რათქმაუნდა მიხარია და მამშვიდებს ამაზე ფიქრი. უბრალოდ არ ვიცი კარგია თუ არა, ან როგორ იმოქმედებს ჩემზე იმ მომწამლავ გარემოში დაბრუნება. ყოველი დაშორება უფრო მაუცხოებს იქაურობასთან, ვიცი იქნება დისკუსიები, უბრალოდ ახლა უკვე გაცილებით ნაკლები ამტანობა მაქვს სისულელეების მიმართ. გუშინ გიორგი მაისურაძის ლექციას ვუსმენდი თემაზე, თუ რატომ მივიჩქარით უკან, სახლისკენ. ჩემი ცხოვრების მთავარი სადარდებელიც ხომ ესაა, ვიყო გაჭედილი სახლსა და უცხოობას შორის. გასაგებია, ძველი თემაა, ალბათ კაცობრიობა რაც არსებობს იმდროინდელი. ერთი მხრივ მოთხოვნილება დატოვო კომფორტის ზონა და ისწრაფვოდე ზრდისკენ, სიახლისკენ, განვითარებისკენ. მეორე მხრივ კი ვერ უძლებდე უცხოობაში ყოფნას და ისევ სახლში, დედის კალთაში გინდოდეს დაბრუნება. ბეკეტიც ამას ამბობდა, როცა წერდა ჩემში მუდამ ორი სულელი სახლობს, ერთს დარჩენა უნდა, მეორეს წასვლაო. თუმცა ნოსტალგიის ანუ Heimweh-ს ყველაზე ცუდი თვისება ის არის, რომ რეალურად უკან დაბრუნება შეუძლებელია. იგივე ადგილზე მისვლა და იგივე განცდების გამოცდა, არ გაძლევს კმაყოფილების შეგრძნებას, რადგან სენ უკვე ის აღარ ხარ, რაც მაშინ იყავი. ამიტომაც იჭედები წინსა და უკანს შორის და აღარ იცი სადაა შენი ადგილი. არა, რათქმაუნდა ისევ ჩამოვალ აქეთ, ახლა ამაზე ფიქრი მამშვიდებს, რადგან საქართველოში სამუდამოდ დარჩენაზე ფიქრი აღარც ისე აღმაფრთოვანებელია, პირიქით, უკვე მეშინია იქ ჩარჩენის. ადამიანებიც გარშემო, უკვე ელოდებიან ჩემგან, რომ სულ უნდა მივდიოდე, ოღონდ მერე უნდა ვბრუნდებოდე, მე კიდევ ადამიანების მოლოდინების გამართლება ჩემი ერთადერთი დანიშნულება მგონია. დედაჩემიც კი უკვე თანახმაა ამ ყველაფერზე, ოღონდ მეუბნება, ხანდახან ჩამოდი, სულ ნუ მიმატოვებო. ახლა მომავალ ორ თვეზე ვფიქრობ, ვიცი, აგვისტო საშინელი იქნება, ისევ სწავლა და მუშაობა ერთდროულად + 40 გრადუსი სიცხე, მაგრამ ასე ჯობია, ბევრი დრო არ დამრჩება ფიქრისთვის, ახლა ყველაზე ნაკლებად ზედმეტი ფიქრები მჭირდება. კარგია ” all work and no play “. ხელის მაჯაზე დავიწერე დიდი ასოებით GEDULD, როცა პანიკის შემოტევა მაქვს დავხედავ და ცოტას მამშვიდებს.

ხოლო რას გავაკეთებ ამ ორ თვეში: გავიღვიძებ ადრე, ვივლი პარკში ველოსიპედით ან დობისთან ერთად. მერე დავესწრები გაკვეთილებს, მერე ვიმუშავებ და მერე ჰამაკში ჩავწვები და წიგნს წავიკითხავ, სანამ არ ჩამეძინება. სექტემბერში ორი დღით ზღვაზე წავალ, სანაპიროზე წამოვწვები და ისევ Interpol-ს მოვუსმენ. ალბათ მთაშიც წავალ და სოფელშიც. მთავარია პანდემიამ ამის საშუალება მომცეს და იქამდე ყველა არ მოკვდეს-_- ვერ ვიტყვი, რომ არ იმსახურებენ, რადგან აცრას არავინ იკეთებს.

რაც შეეხება, გასულ სემესტრს, რათქმაუნდა იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი და წარმომედგინა. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი და დავუმეგობრდი, უფრო სწორად, ისინი თავად დამიმეგობრდნენ, თორემ მე ხო არასდროს მექნება იმის გამბედაობა, ვინმეს ვაჩვენო, რომ მასთან მეგობრობა მინდა :). პირიქით, ძალიან მიკვირს, როცა ადამიანები ერთხელ მნახავენ და მეორედაც თანახმა არიან ჩემთან დროის გასატარებლად. ანუ, მართლა ვგრძნობ, იმის გამო კი არ მექცევიან კარგად, რომ ვეცოდები (მართლა მგონია ხოლმე ასე), არამედ იმიტომ, რომ ფიქრობენ, თითქოს კარგი ადამიანი ვარ??? იმ დღეს ქეთი რომ ჩამეხუტა და მითხრა რომ ბედნიერია, რომ გამიცნო თავი საშინლად ცუდად და დამნაშავედ ვიგრძენი, არადა გოგოს ყოველთვის უარს ვეუბნებოდი შეხვედრაზე ან სადმე წასვლაზე. კატარინამ ცხარე ცრემლით იტირა როცა დამემშვიდობა. მარიმ საჩუქარი მომიტანა. სებასტიანმა დამპირდა კიდევ ვნახავთ ერთმანეთსო… არ ვიცი. სხვა თუ არაფერი, რაღაც ხომ მაინც ვისწავლე ამ ყველაფრისგან.

მანამდე კი ჩემს მონატრებულ მეგობრებს ვნახავ და მათ მაგრად ჩავეხუტები ❤

ხოლო ცუდი რაც მოხდება რათქმაუნდა ყველაფერი მიხაელ ენდეს ბრალი იქნება.

ასეთი რამეებიც ვქენი 🙂 no regrets

Leave a comment