Staying at home (as if I have a choice)

FB_IMG_1584611635595.jpg

2 თვის წინ რომ ვინმეს ეთქვა, სახლიდან იმუშაოვეო, და მარტო სასეირნოდ გამოდი ხოლმე ჰაერზეო, თან ქუჩაშიც არავინ დაგხვდება და მთლიანი პარკიც შენს განკარგულებაში იქნებაო. იჯექი სახლში და იკითხე და უყურეო. იფიქრე თუ მოგინდებაო. ხომ იქნებოდა კარგი? გამიხარდებოდა, დავთანხმდებოდი.

ახლა, როცა სხვა გზა არ მაქვს და ასე მიწევს ცხოვრება, აუტანელია ასეთი ყოფა. როდიდან გავხდი ასეთი დრამატული ვერ ვიხსენებ. თუმცა ნერვები დაწყვეტაზე მაქვს.

ვიცი რატომაც – სახლში ყოფნა იმიტომ მომწონდა ადრე, რომ აქ მოულოდნელი არაფერი ხდება, ასე თუ ისე აკონტროლებ შენს ცხოვრებას, შენს არჩევანს და გარემოც ვერ ახდენს დიდ გავლენას ამ ყველაფერზე.

ახლა, როცა იძულებით ვარ სახლში და ყოველ წუთას ცუდი ამბის მოლოდინი მაქვს, როგორ გინდა რამისგან სიამოვნება მიიღო? ჩემი ჯოჯოხეთი შედგება მოლოდინის რეჟიმში ყოფნისგან და უეცრად მომხდარი ბევრი ცვლილებისგან. ასე ცხოვრებასაც ვისწავლი ალბათ. მომიწევს.

აღარ მინდა ფეისბუქზე შევდიოდე და მითუმეტეს რამეს ვპოსტავდე.. მინდა ხოლმე იქ მოვყვე რაღაცეები, და რადგანაც ამ სურვილს ხშირად ვებრძვი, მირჩევნია აქ დავწერო ხოლმე ის სისულელეები რაც თავში მომდის და დიდ ძალისხმევად მიჯდება, რომ იქ არ ვწერო. არ მინდა საბოლოოდ გიჟად ჩამთვალონ ადამიანებმა.

დღეს გული იმანაც მატკინა, რომ ჩემმა დობიმ ჩემთვის კბენა სცადა/ მიკბინა 😦 მხოლოდ იმიტომ რომ უფლებას არ ვაძლევ თავისზე 4-ჯერ დიდი ზომის ძაღლებთან ქონდეს სექსი. და ამის გამო ყვავილები გადამითელოს.

და საერთოდ დავაკვირდი, რომ რაც უფრო ვცდილობ ვიზრუნო არსებებზე, თუნდაც ადამიანებზე და მათთვის კარგი მინდოდეს, უფრო მეტ უმადურობას ვიღებ პასუხად.

 

FB_IMG_1584079015077-1.jpg

აი ეს მინდოდა დამეპოსტა და კარგია რომ არ ვქენი. აქ მაინც არავინ წაიკითხავს.

კიდე ის, რომ რაც არ უნდა მოხდეს არ შევიღებო თმა, განსაკუთრებით მწვანედ. რატომ არ ვაგდებ იმ მწვანე ტონიკს? აი, იარაღი თუ არის ოთახში, ბოლოს მაინც გაისვრისო, თუ რაღაც ასეთი რომ თქვა ჩეხოვმა, დაახლოებით ასეა ჩემი და იმ ტონიკის საქმე. ბოლოს მაინც ვიხმარ ალბათ. მემენტოში, რომ ტატუებს იკეთებს ის ტიპი, რომ საკუთარ თავს შეახსენოს რაღაცეები, ისე ვიზამდი: “არ ენდო მწვანე ტონიკის ტუბს”.

კიდე რა. თუ ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება წავალ ტყეში. და მერე ზღვაზე. თან მანდამდე ზაფხულიც მოვა ალბათ.

1 აპრილს ჩემი ერთერთი გეგმით editors-ის კონცერტზე უნდა წავსულიყავი კიევში. რომ მახსენდება, რა ახლოს ვიყავი ბილეთების ყიდვასთან. და მერე ისე ვნანობდი, რომ საბოლოოდ იტალია ვამჯობინე. ახლა, რომ ეგ ბილეთი მქონოდა და ვერ წავსულიყავი (ცხადია), დეპრესია და სუიციდი მერე გენახათ. ასე, რომ ხანდახან მოთმინებაა საჭირო, რომ ჩვენი გადაწყვეტილებების სისწორეში ან მცდარობაში დავრწმუნდეთ. ესეც შემდეგი ტატუ-შეხსენება. მე ხომ იმ წუთას მინდა ხოლმე პასუხები.

ჰო კიდე ძალიან მინდა, რომ the cure-ს a forest აღარ ჩამირთოს ხოლმე იუთუბმა ავტომატურად. აღარ მინდა, მეც ხომ ადამიანი ვარ? რობერტი უფრო დეპრესიაში მაგდებს.

ამ ბოლო ორი დღის მთავარი გახსენება მუსიკაში – porcupine tree-ს fear of a blank planet. ეგეთი დროული გახსენებები თავიდან აღმოგაჩენიებს ხოლმე უკვე ნაცნობ ტექსტს.

ხვალიდან ახალი სამუშაო კვირა მელოდება წინ. ვალერიანის დამამშვიდებლები მაქვს და წვეთებსაც მივამატებ.

FB_IMG_1584777056045.jpgმთავარია სუნს და გემოს ვგრძნობდე, იმიტომ რომ სავარაუდოდ ვირუსის პირველი სიმპტომი ამათი დაკარგვა ყოფილა.

კუჭის აშლაც.

ნახვამდის. ✌

 

 

 

 

 

 

 

2 thoughts on “Staying at home (as if I have a choice)

  1. ვიყავი, წავიკითხე, გავედი, შემოვალ. ნახვამდის bzw. წაკითხვამდის

    Liked by 1 person

Leave a comment